პროექტზე დაფუძნებული სწავლება ხელს უწყობს ინტეგრირებულ სწავლებას. დაწყებული რამდენიმედღიანი სასწავლო პროექტიდან, რომელიც ერთი რომელიმე თემის გარშემო კონცენტრირდება და დამთავრებული პროექტებით, რომლებიც შეიძლება მთელი წლის სასწავლო გეგმას ფარავდეს.
ის მოსწავლეებს მნიშვნელოვანი პრობლემების გამოძიებისკენ უბიძგებს. პროექტები, რომლებიც სწავლის მაღალ ხარისხს განაპირობებენ, შეიძლება განსხვავდებოდეს: თემატიკისა და მასშტაბის, შესასრულებელი დროის და კლასის მიხედვით. პროექტებზე მუშაობა მოსწავლეებს ააქტიურებს
·პრობლემის გადაჭრის;
·გადაწყვეტილების მიღების;
·ძიების;
·დოკუმენტირების;
·ინტერვიუს აღების;
·მკვლევარის;
·შემოქმედებით
და სხვა კუთხით.
პროექტებზე დაფუძნებული სასწავლო გეგმა მოიცავს მნიშვნელოვან კითხვებს, რომლებიც აკავშირებს საგნობრივ სტანდარტებსა და მაღალ სააზროვნო დონეს ცხოვრებისეულ მიზნებთან. მოსწავლეებს უწევთ რეალური, ცხოვრებისეული როლების თამაში და მნიშვნელოვანი დავალებების შესრულება.
ჩემი მოსწავლეები პირველი კლასიდანვე მყავს ჩართული სხვადასხვა სახის პროექტებში. მიმაჩნია, რომ სწორედ დაწყებითი კლასებიდანვე უნდა ვიზრუნოთ ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული უნარებისა და კომპეტენციების განვითარებაზე.
მინდა გაგაცნოთ ჩემ მიერ განხორცილებული ერთ-ერთი პროექტი: „ვიცხოვროთ სუფთა გარემოში". აღვნიშნავ, რომ ამ პროექტში მოსწავლეებმა იმუშავეს ხალისით, მონდომებით, განივითარეს ჯგუფური მუშაობის, კვლევითი, შემოქმედებითი და პრობლემის გადაჭრის უნარები.
პროექტში ჩართული იყვნენ მეორე და მეოთხე კლასის მოსწავლეები. მოხდა ინტეგრირება: ბუნებისმეტყველებას, ხელოვნებას, მათემატიკასა და ისტ-ს შორის. ჩემთან ერთად მუშაობდა პროექტის თანაავტორი, ხელოვნების პედაგოგი. მოხდა კოლაბორაცია ადგილობრივ თემთან.
როდესაც გაჩნდა პროექტის განხორციელების იდეა, მოვიწვიეთ მშობელთა კრება და მშობლებს გავაცანით პროექტის მიზანი, აქტივობები, მისაღწევი შედეგები. დავბეჭდეთ პროექტის ბროშურა, რომელიც დავურიგეთ მშობლებს და დირექციის წარმომადგენლებს. განისაზღვრა პროექტში მშობელთა, მოსწავლეთა და მასწავლებლის როლი. აქტივობები დროში გავწერეთ, დავგეგმეთ პრეზენტაციის დრო და შევუდექით მუშაობას.
პროექტის მთავარი მიზანი ასე განისაზღვრა - ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლება მოსწავლეებში და ადგილობრივ თემში. პირველ რიგში, მოვახდინეთ მოსწავლეთა საჭიროებების დადგენა, რისთვისაც გამოვიყენეთ სტრატეგია: „ვიცი, ვისწავლე, მინდა ვიცოდე". გაირკვა რისი გაგება სურდათ მოსწავლეებს გარემოს დაბინძურების შესახებ.
აქტივობები:
1. ინფორმაციის მოძიება და დახარისხება;
2.ლოკალურ გარემოზე დაკვირვება და აღწერა;
3. ფოტოსურათების გადაღება და ინტერვიუების ჩაწერა;
4. კითხვარის საშუალებით სოფლის მოსახლეობის გამოკითხვა;
5.პრობლემის დანახვა და გადაჭრის გზების ძიება;
6.გამოფენის მოწყობა;
7.პროექტის პრეზენტაცია.
გამოვიყენეთ მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები. ზოგადი კითხვა - რას ფიქრობს ხალხი? თემატური კითხვები: რატომ იწვევს გარემოს დაბინძურება დაავადებებს? თქვენი აზრით, რით შეიძლება შევამციროთ ჰაერის დაბინძურება? თქვენი აზრით, რით შეიძლება მოხდეს მდინარის წყლის დაბინძურება? რატომ არის ჩვენი ქუჩები დაბინძურებული, მაშინ როდესაც ქუჩაში დგას სანაგვე ურნები? შინაარსობრივი კითხვები: რა არის გარემო? იწვევს თუ არა პოლიეთილენის პარკები გარემოს დაბინძურებას? იწვევს თუ არა ნიადაგის დაბინძურებას საყოფაცხოვრებო ნაგავი? რით ბინძურდება გარემო?
მოსწავლეებმა იმუშავეს ოთხი მიმართულებით.
პირველმა ჯგუფმა იმუშავა ჰაერის დაბინძურებაზე,
მეორემ - წყლის დაბინძურებაზე,
მესამემ - ნიადაგების დაბინძურებაზე და
მეოთხემ - საყოფაცხოვრებო ნაგვით დაბინძურებაზე.
ეს არის კითხვარი, რითაც მეოთხეკლასელებმა კვლევა აწარმოეს.
რა ვიცი გარემოს დაბინძურების შესახებ
რესპოდენტის (სახელი, გვარი) -----------------------------
-გადაგიგდიათ თუ არა ქუჩაში ნაგავი?
ა. დიახ
ბ. არა
- გიფიქრიათ, რა შედეგი შიძლება მოყვეს ქუჩაში დაყრილ ნაგავს?
ა. დიახ
ბ. არა
-თქვენი აზრით აზიანებს თუ არა ჩვენს ჯანმრთელობას გარემოში გადაყრილი ნაგავი?
ა. დიახ
ბ. არა
-გსმენიათ თუ არა პოლიეთილენის პარკების მავნებლობაზე?
ა. დიახ
ბ. არა
-თქვენ მონაწილეობა მიიღეთ მეოთხე კლასის მიერ განხორციელებულ კვლევაში, გარემოს დაბინძურების შესახებ.
ა. დიახ
ბ. არა
გმადლობთ.
შეფასების ეტაპები - შეფასება მოხდა პროექტის სამივე ეტაპზე.
პირველ ეტაპზე შევაფასეთ მათი წინარე ცოდნა და ინტერესები. მეორე ეტაპზე შევაფასეთ ინფორმაციის მოძიების, დახარისხების, თანამშრომლობის, ინტერვიუს აღების, რაოდენობრივი კვლევის წარმოების უნარები. მესამეზე - მათი შემოქმედებითი და საპრეზენტაციო უნარები.
შეფასების ფორმად გამოვიყენეთ: განმავითარებელი კომენტარები.
პროექტის სარგებელი სხვებისთვის: ბავშვების მიერ შექმნილი გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშებით, რომლებიც შეიქმნა საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან, დასაჩუქრდნენ პრეზენტაციაზე მოწვეული სტუმრები. გამოფენის სურათები, მოსწავლეთა მიერ მომზადებული პრეზენტაციები. მოძიებული მასალები ავტვირთეთ ბლოგზე, რაც სხვებისთვისაც ახალი იდეების მაპროვოცირებელია. ეს კი ჩვენი პროექტის ბლოგის მისამართია: http://intelekologia.blogspot.com/
დასკვნის სახით შემიძლია ვთქვა, რომ პროექტზე მუშაობის შემდეგ ჩემს მოსწავლეებს აღარ უჭირთ უპასუხონ კითხვას:
რას ფიქრობს ხალხი?
მათ ამ საკითხის გასარკვევად თავად აწარმოეს კვლევა ადგილობრივ თემში. გააკეთეს კვლევის ანალიზი და გამოიტანეს დასკვნები. პროექტზე მუშაობის დროს ბავშვებმა ერთდროულად იმუშავეს ეროვნული სასწავლო გეგმის 5 საკვანძო კომპეტენციაზე. ესენია:
1. წიგნიერება;
2. ციფრული წიგნიერება;
3.რაოდენობრივი წიგნიერება;
4.ეკოლოგიური წიგნიერება;
5. სოციალური და სამოქალაქო წიგნიერება.
პროექტში ჩართული იყო ადგილობრივი თემიც. მივაღწიეთ დასახულ მიზანს, მოვახერხეთ ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლება ჩვენი სკოლის მოსწავლეებში, მშობლებსა და მოსახლეობაში. პროექტის პრეზენტაციაზე მათ გადავეცით საინფორმაციო ბუკლეტები, გავაცანით ნარჩენების დაშლის ხანგრძლივობა ბუნებაში და დავასაჩუქრეთ მოსწავლეთა მიერ შექმნილი გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშებით. უფროსი კლასები კი დავასაჩუქრეთ პატარების მიერ გაკეთებული ულამაზესი ნაგვის ურნებით. პატარა მეგობრებმა უფროსებს სისუფთავის დაცვისაკენ მოუწოდეს.
გამოყენებული ლიტერატურა:
1.ინტერნეტსახელმძღვანელო- „პროექტებით სწავლება". Intel� Education Viewer.
2. პროექტი - როგორც სწავლებისა საუკეთესო მეთოდი.
ნინო ციცვიძე- კოლეგასთან თანამშრომლობა და საინტერესო გაკვეთილი |
|
|
ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული შედეგების მიღწევას კოლეგებს შორის კოორდინირებული მუშაობა უწყობს ხელს. ფაქტია თანამშრომლობის გარეშე შეუძლებელია პროექტების განხორციელება და ინტეგრირებული გაკვეთილების ჩატარება.
მასწავლებლებს შორის თანამშრომლობა განსაკუთრებით სწავლების დაწყებითი საფეხურის ძირითადი ამოცანებია:
ა) შეუქმნას მოსწავლეს პირობები საკუთარი შესაძლებლობების გამოსავლენად და სწავლისათვის საჭირო უნარ-ჩვევების გამოსამუშავებლად;
ბ) ჩამოუყალიბოს მოსწავლეს სწავლისადმი პოზიტიური დამოკიდებულება და სამყაროს შემეცნების მიმართ ინტერესი;
გ) შეუქმნას მოსწავლეს პირობები და ჩამოუყალიბოს საფუძვლები შემდგომ, საბაზო საფეხურზე სწავლის წარმატებით გასაგრძელებლად; მომავალში საჭირო ცოდნის დასაუფლებლად, უნარ-ჩვევების გასავითარებლად და დამოკიდებულებების ჩამოსაყალიბებლად.
დაწყებით საფეხურზე, როდესაც მასწავლებელი მოსწავლეებს მისცემს საშუალებას, ამა თუ იმ საკითხს სხვადასხვა კუთხიდან შეხედონ, გაამთლიანონ ყველა საგნიდან მიღებული ცოდნა, სწავლება ეფექტური ხდება. დაწყებითი კლასების პედაგოგებს ხშირად გვეძლევა ინტეგრირებული სწავლების საშუალება, რადგან ერთი პედაგოგი ასწავლის რამდენიმე საგანს, ისტ-ის ჩართვაც ხშირად ინტეგრირების პროცესს უწყობს ხელს.
როდესაც თემატიკა საშუალებას მაძლევს, ყოველთვის ვცდილობ, მოსწავლეებში მოვახდინო ცოდნის ინტეგრირება. კიდევ უფრო საინტერესოა სხვა პედაგოგთან ერთად ინტეგრირებული გაკვეთილის დაგეგმვა და ჩატარება.
ინგლისური ენის პედაგოგთან ერთად მესამე კლასში დავგეგმე და ჩავატარე ინტეგრირებული გაკვეთილი. ერთი შეხედვით მონათესავე საგნებად არ გვეჩვენება ინგლისური ენა და ბუნებისმეტყველება. როდესაც ორივე საგნის სტანდარტის შედეგებს ვადარებდი, ინგლისურის პედაგოგთან ერთად, მესამე კლასის ბუნების პროგრამაში ამოწურული გვქონდა თემა: "ბუნებრივი მოვლენები". ამ თემაზე შესაძლებელი იყო ორივე საგნიდან მიღებული ცოდნის გამთლიანება. გადავწყვიტეთ აგვერჩია შემაჯამებელი ტიპის გაკვეთილი. ინგლისურ ენაშიც წლის განმავლობაში უამრავი ლექსი ჰქონდათ ნასწავლი, სადაც სწორედ ესა თუ ის ბუნებრივი მოვლენა იყო აღწერილი. ნასწავლი ლექსიკური მარაგიც იძლეოდა იმის საშუალებას, რომ ჯგუფებს ამ თემაზე ინგლისურ ენაზე გაეკეთებინათ პრეზენტაცია. ჩავთვალეთ, რომ საგნების ინტეგრაციაში დაგვეხმარებოდა ისტ-იც.
ორივე პედაგოგმა ერთად დავგეგმეთ გაკვეთილი. ფსიქოლოგიურად მოვამზადეთ ბავშვები ამ გაკვეთილისთვის. ავუხსენით, რომ ორივე საგანი ბუნება და ინგლისური ერთდროულად ჩაუტარდებოდათ და ორივე საგნის მასწავლებელი ერთად შევიდოდით გაკვეთილზე.
გაკვეთილის მიზანი ასე ჩამოვაყალიბეთ:
გაკვეთილის მიზანი - მოსწავლეებმა შეძლონ ცოდნის ტრანსფერი თემაზე „ბუნებრივი მოვლენები" და შეაჯამონ მიღებული ცოდნა ბუნებრივი მოვლენების შესახებ ბუნებაში და ინგლისურში. გაამთლიანონ ბუნებისმეტყველებაში მიღებული ცოდნა და ინგლისურში ნასწავლი ლექსიკა და მცირე ჯგუფებში მუშაობის შემდეგ შეძლონ მცირე თემატური პრეზენტაციების განხორციელება.
გაკვეთილი ასეთნაირად წარვმართეთ:
აქტივობა - 1
ასოციაციური რუკის შედგენა - ვწერ დაფაზე: „ბუნებრივი მოვლენები" და მოსწავლეები აფიქსირებენ ყველაფერს, რაც კი ამ ფრაზის გარშემო ახსენდებათ.
აქტივობა - 2
ინგლისურის ენის მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს გაიხსენონ ინგლისურ ენაში ნასწავლი ლექსები, სადაც საუბარია რომელიმე ბუნებრივ მოვლენაზე.
აქტივობა - 3
მოსწავლეებს ჯგუფებში დაურიგდათ ფლიფჩარტები, სადაც დაწერილი იყო რომელიმე ბუნებრივი მოვლენა ქართულად და ინგლისურად. მათ დაევალათ ამა თუ იმ ბუნებრივი მოვლენის დახატვა. შემდეგ მათ გააკეთეს პრეზენტაცია ქართულად და ასევე ინგლისურად.
აქტივობა - 4
მასწავლებლის ბუკიდან პროექტორით ეკრანზე გავაზიარეთ თემატური ფოტოები. მოსწავლეებს ფოტოსურათებზე უნდა ამოეცნოთ ბუნებრივი მოვლენა და დაესახელებინათ ქართულად და ინგლისურად.
გთავაზობთ ინტეგრირებულ ტესტს, რომელიც ბუკებით გადაეგზავნათ:
ტესტი
სავარჯიშო #1
მოცემული სიტყვებიდან ამოარჩიე ბუნებრივი მოვლენები და ჩასვი ცხრილში:
(wind ,book, snow, bag, pen,stor m.)
სავარჯიშო #2
ინგლისურ ენაზე მოცემულია ბუნებრივი მოვლენების სახელწოდებები (...rain,snow,rainbow,thunder,lightning,storm..). დაალაგე ეს მოვლენები ცხრილში სეზონების მიხედვით.
spring
|
summer
|
autumn
|
autumn
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
სავარჯიშო #3
დაალაგეთ ცისარტყელას ფერები თანმიმდევრობით:(Red, green, yellow, blue, orange, light blue, purple.)
1.
2.
3.
4.
5.
6.
7.
სავარჯიშო #4
აქტივობა - 6
მოსწავლეთა შეფასება და საშინაო დავალების მიცემა.
მოსწავლეები შეფასდნენ როგორც ინდივიდუალურად, შეფასდა ასევე ჯგუფები.
საშინაო დავალება: სახლში კიდევ ერთხელ უნდა შეეჯემებინათ ცოდნა ბუნებრივ მოვლენებზე შეევსოთ სქემა : „ვიცი, ვისწავლე, მინდა ვიცოდე".
მოსწავლეთა შეფასების კრიტერიუმები:
1.ჯამდება ორივე საგნიდან მიღებულ ცოდნას ბუნებრივ მოვლენებზე;
2.როგორ მუშაობს მოსწავლე ჯგუფის წევრებთან ერთად ბუნებრივი მოვლენის დასურათებაზე. როგორ მოახდინა ინტერპრეტირება;
3.როგორ იმუშავა სავარჯიშოსა და ტესტზე ბუკში;
4.როგორ გააკეთა პრეზენტაცია ქართულ და ინგლისურ ენაზე.
მოსწავლის თვითშეფასების კრიტერიუმები:
1.როგორ შევაჯამე ცოდნა ბუნებრივ მოვლენებზე ინგლისურიდან და ბუნებიდან;
2.როგორ ვიმუშავე ჯგუფის წევრებთან ერთად ბუნებრივი მოვლენის დასურათებაზე;
3. როგორ ვიმუშავე ჯგუფთან ერთად სავარჯიშოზე და ტესტზე ბუკში;
4.როგორ შევძელი პრეზენტაციის გაკეთება ქართულად და ინგლისურად.
მასწავლებლის თვითშეფასების კრიტერიუმები :
1.როგორ წარიმართა გაკვეთილი გეგმის მიხედვით;
2.როგორ შესრულდა აქტივობები გაწერილ დროში;
3.როგორ მოვახერხეთ ყველა ბავშვის ჩართვა ყველა ეტაპზე;
4.მივაღწიეთ თუ არა დასახულ მიზანს.
მოსწავლეებს ძალიან მოსწონთ განსხვავებული ტიპის გაკვეთილი. ხალისით და ინტერესით არიან ჩართული საგაკვეთილო პროცესში. ახერხებენ ერთი კონკრეტული თემის გარშემო ორივე საგნიდან მიღებული ცოდნის თავმოყრას და ახალი ცოდნის კონსტრუირებას. ჩვენი მიზანიც ხომ ეს არის - მივცეთ ჩვენ მოსწავლეებს საშუალება დეკლარატიული ცოდნა გადააქციონ პროცედურულ და ფუნქციურ ცოდნად.
ეს კი ჩემი ბლოგის მისამართია, სადაც ნახავთ ინტეგრირებული გაკვეთილის ფოტო და ვიდეომასალას.
http://ninoedu.blogspot.com/p/blog-page_1000.html
გამოყენებული ლიტერატურა:
1. „ეროვნული სასწავლო გეგმა";
2. „მასწავლებლის პროფესიული განვითარების გზამკვლევი".
ნინო ციცვიძე
გარდაბნის მუნიციპალიტეტი. სართიჭალის #2 საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების პედაგოგი.
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
No comments:
Post a Comment